თეგი: უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18-20 თებერვალს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწროს. ღონისძიებაში, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება, 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩინეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი (შესაძლოა ონლაინ რეჟიმში). საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩამოსვლაზე ჯერ კიდევ განიხილება. „არავითარ შემთხვევაში არ მსურს რუსეთის გამორიცხვა. მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის შესაძლებლობას, არამხოლოდ წერილებით წარუდგინოს თავისი პოზიცია აშშ-სა და NATO-ს, არამედ კიდევ ერთხელ წარუდგინოს კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მასპინძელმა ვოლფგანგ იშინგერმა. გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. წელს, ორგანიზატორებმა მკაცრი ზომების დაცვა გადაწყვიტეს. მონაწილეთა რაოდენობა აქამდე 2000-ს აღემატებოდა, ახლა არაუმეტეს 600 ადამიანის დაშვებაა ნებადართული რისკის შესამცირებლად. მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების რაოდენობაც. იშინგერისთვის, რომელიც 14 წელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იყო, ეს ბოლო ფორუმი იქნება. 2022-ის შემდეგ, ის ხელმძღვანელობას ანგელა მერკელის ყოფილ მრჩეველს და გერმანიის ყოფილ წარმომადგენელს გაეროში კრისტოფ ჰეუსგენს გადასცემს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში

მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.